თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში ორგანიზაციები მუდმივად ხდებიან სხვადასხვა შეტევის ობიექტები. ასეთი შეტევების უგულვებელყოფა შეიძლება ძვირად დაუჯდეს ორგანიზაციას. დღეს, როდესაც სისტემების და სერვისების უმეტესი ნაწილი ეყრდნობა ციფრულ ინფრასტრუქტურას, კიბერშეტევების არიდება და კომპიუტერული უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს პრიორიტეტულ ამოცანას.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იზრდება ჰაკერების მიერ სხვადასხვა სახის შეტევების მეთოდები და მიდგომები. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ორგანიზაციები და კერძო ფირმები მიმართავენ შეღწევადობის ტესტირებას, რომელიც ეხმარება მათ სისტემებსა და ქსელებში დაუცველობის იდენტიფიცირებაში.
შეღწევადობის ტესტირების განმარტება
შეღწევადობის ტესტირება, რომელსაც ხშირად უწოდებენ "ეთიკურ ჰაკინგს", წარმოადგენს კომპიუტერული სისტემების, ქსელების, აპლიკაციების, სერვისების, აპარატურულ-ტექნიკური საშუალებების და სხვა ციფრული მოწყობილობების კონტროლირებად და მუდმივ შეფასებას, რომელიც მიმართულია უსაფრთხოების სისუსტეების დასადგენად.
მავნე ჰაკერული თავდასხმებისგან განსხვავებით, რომლებიც იყენებენ სისტემის დაუცველობებს პირადი სარგებლის მისაღებად, შეღწევადობის ტესტერები არიან ავტორიზებული პროფესიონალები, რომლებიც ახორციელებენ კონტროლირებად შეღწევას სამიზნე სისტემებზე, რათა დაეხმარონ ორგანიზაციებს პოტენციური რისკების იდენტიფიცირებაში და აღმოფხვრაში.
შეღწევადობის ტესტირების მიზანი
შეღწევადობის ტესტირების მთავარი მიზანია რეალური თავდასხმების სიმულაცია, უსაფრთხოების ზომების ეფექტურობის შესაფასებლად და არაავტორიზებული წვდომის შესვლის წერტილების გამოსავლენად. ასეთი მიდგომა საშუალებას გვაძლევს ამოვიცნოთ სისტემის ან ქსელის პოტენციური დაუცველობა ადრეულ სტადიაზე.
შეღწევადობის ტესტირების პროცესი
შეღწევადობის ტესტირების პროცესი, ჩვეულებრივ, შედგება შემდეგი ნაბიჯებისგან:
- დაგეგმვა და მომზადება: შეღწევადობის ტესტირების სამუშაოების მოცულობის, მიზნების და წესების განსაზღვრა. ასევე, სამიზნე ობიექტის შესახებ ინფორმაციის შეგროვება.
- დაზვერვა: სამიზნე სისტემის შესახებ მონაცემების შეგროვება, IP მისამართების, დომენის და ქსელის ტოპოლოგიის ჩათვლით, პოტენციური დაუცველობის და შეღწევის წერტილების იდენტიფიცირებისთვის.
- სკანირება: სპეციალური პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის გამოყენება სამიზნე სისტემაზე, ღია პორტების, სერვისების და პოტენციური დაუცველობის იდენტიფიცირებისთვის.
- წვდომის მიღება: იდენტიფიცირებული დაუცველობის გამოყენებით სისტემაში ან ქსელში შესვლა (წვდომის მოპოვება).
- წვდომის შენარჩუნება: წვდომის მოპოვების შემდეგ, შეღწევადობის ტესტერები ცდილობენ შეინარჩუნონ სისტემაზე კონტროლი, რათა შეაფასონ პოტენციური ზიანის ზომები და განსაზღვრონ საჭირო დაცვის საშუალებები.
- ანალიზი და ანგარიშის მომზადება: შეღწევადობის ტესტირების შედეგების შეფასება; დოკუმენტირება და გამოსასწორებელი რეკომენდაციების მიწოდება დამკვეთისთვის.
- გამოსწორება: შეღწევადობის ტესტირებაში მონაწილე ორგანიზაციები იყენებენ ტესტირების შედეგებს, სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად და უსაფრთხოების ზომების გასაუმჯობესებლად.
გარდა ამისა, შეღწევადობის ტესტირება უნდა ჩატარდეს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების და შესაბამისი რეგულაციების მკაცრი დაცვით. შეღწევადობის ტესტირების პროცესში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ავტორიზაცია და უზრუნველყონ პროცესის გამჭირვალობა.
შეღწევადობის ტესტირება უნდა ჩაატაროს ყველა ორგანიზაციამ და სახელმწიფო სტრუქტურამ. საქართველოს კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ მკაფიოდ ადგენს იმ კანონებს, რომლის გატარებაც ხორციელდება კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების უსაფრთხოების აუდიტის ტესტირების დროს.
კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხაში შედიან უწყებები და ორგანიზაციები, რომლებიც ვალდებულნი არიან ჩაატარონ ინფორმაციული უსაფრთხოების პირველადი და პერიოდული აუდიტი. ამ ღონისძიებების გატარება ზრდის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების უსაფრთხოებას, პერიოდული შემოწმებების ხარჯზე.
დასკვნა
შეღწევადობის ტესტირება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქსელის ინფრასტრუქტურის საფრთხეებისგან დაცვის თვალსაზრისით. ის წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს პოტენციური დაუცველობის იდენტიფიცირებაში და გამოსწორებაში.
ქსელის და სერვისების დაუცველობის იდენტიფიცირება, სისტემების და სერვისების ხშირი განახლებები, უსაფრთხოების კონტროლი და ინციდენტებზე რეაგირება დაეხმარება ორგანიზაციებს და სახელმწიფო სტრუქტურებს დაიცვან ქსელური ინფრასტრუქტურა და კონფიდენციალური მონაცემები რეალური თავდასხმებისგან.