ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა გახდა თანამედროვე ტექნოლოგიების განუყოფელი ნაწილი. მისი გამოყენებით ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა განათავსონ სერვისები, მონაცემები და რესურსები ღრუბელში, რაც აისახება მონაცემთა დაცულობაზე და წვდომის ეფექტურობაზე. თუმცა, ღრუბლოვანი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დაისვა მათი უსაფრთხოების საკითხიც. არსებობს უამრავი შეტევის ვექტორი, რომელიც მიმართულია ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანასა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაუფლებაზე.
ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნამ განაპირობა მონაცემთა შენახვის და დამუშავების ახალი ტექნოლოგიების განვითარება. ბიზნესზე მორგებულმა ტექნოლოგიებმა გაამარტივა მრავალი სერვისის შექმნა, დიდი მოცულობის მონაცემების შენახვა და მათი დამუშავება. თანდათან, სულ უფრო მეტი ორგანიზაცია თუ კერძო ფირმა ნაწილობრივ ან სრულად გადადის ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი სახის ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გამოყენების დროს, კომპანიამ უნდა იცოდეს, თუ რა სახის შეტევების წინაშე შეიძლება დადგეს ის, შეტევის განხორციელების შემთხვევაში. არსებობს რამდენიმე შეტევა, რომლის შედეგადაც შესაძლებელია სხვადასხვა ზიანის მიყენება, როგორც ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურისთვის, ასევე იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც იყენებს მას.
ღრუბლოვანი უსაფრთხოების დაცვის რამდენიმე მექანიზმი არსებობს, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია სხვადასხვა სახის შეტევის შემდეგ, ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის და ინფორმაციის აღდგენა. ყველა ეს მექანიზმი გამოიყენება შეტევის დროს, რესურსების, სერვისების და მონაცემების დასაცავად ან მათ აღსადგენად. მათ შორის, არსებობს:
- მონაცემთა აღდგენის მექანიზმი;
- კონფიდენციალური მონაცემების დაცვის და განაწილებული შენახვის მექანიზმი;
- შიდა შეტევების და მონაცემებზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვის მექანიზმი;
ღრუბლოვანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოიყენება თანამედროვე აპარატურულ-პროგრამული საშუალებები. ამასთანავე, უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხორციელდება ფიზიკური ქსელის, მონაცემთა შენახვის მოწყობილობების, სერვერების, მონაცემების, აპლიკაციების და სხვა მრავალი სერვისისთვის. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ყველა დიდი ღრუბლოვანი სერვისების მიმწოდებელი იცავს საკუთარ უსაფრთხოებას, მაინც არსებობს მასზე შეტევის შესაძლებლობა. თანამედროვე შეტევები ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაზე მიმართულია კონფიდენციალური მონაცემების ხელში ჩასაგდებად, ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსაყვანად ან იმ ორგანიზაციების სისტემების შესატევად, რომლებიც იყენებენ ღრუბლოვან ინფრასტრუქტურას.
DDoS შეტევა
DDoS (Distributed Denial of Service) შეტევა მიზნად ისახავს ღრუბლოვანი სერვისების ან აპლიკაციების შეფერხებას, მაღალი ტრაფიკით გადატვირთვის გზით. DDoS შეტევის დროს, თავდამსხმელი იყენებს უამრავ სისტემას (IoT მოწყობილობას, კომპიუტერს ან სერვერს), სამიზნე ინფრასტრუქტურაზე შესატევად, რაც ართულებს რიგითი მომხმარებლის სერვისზე წვდომას. ამ თავდასხმებისგან დასაცავად, ორგანიზაციებმა უნდა გამოიყენონ ღრუბლოვანი უსაფრთხოების საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ რეალურ დროში აღმოაჩინონ და შეაჩერონ DDoS შეტევა.
მონაცემების გატეხვა
თანამშრომლების სააღრიცხვო მონაცემების გატეხვა წარმოადგენს კიდევ ერთ საშიშროებას. თავდამსხმელს შეუძლია მიიღოს წვდომა ღრუბლოვან სერვისებზე და მოიპაროს კონფიდენციალური მონაცემები. ასევე, მას შეუძლია გამოიყვანოს მწყობრიდან ქსელური ინფრასტრუქტურა, რომელიც იყენებს ღრუბლოვან სერვისებს. ამ სახის შეტევის რისკების აღმოსაფხვრელად, ორგანიზაციებმა უნდა შეამცირონ თანამშრომლების სააღრიცხვო მონაცემების ხელში ჩაგდების რისკი, 2FA-ს და დაცული პაროლების გამოყენებით.
შიდა შეტევები
შიდა შეტევები წარმოადგენენ კიდევ ერთ საფრთხეს ორგანიზაციების უსაფრთხოებისთვის. ორგანიზაციაში მომუშავე თანამშრომლებს შეუძლიათ შეტევა განახორციელონ ღრუბლოვან სერვისებზე და ჩაიგდონ ხელში მონაცემები. შიდა საფრთხეების შესამცირებლად ორგანიზაციებმა უნდა დააწესონ წვდომის მკაცრი კონტროლი და ჩაატარონ რეგულარული უსაფრთხოების ტრენინგები თანამშრომლებისთვის.
არსებობს კიდევ უამრავი შეტევის შესაძლებლობა, როგორიცაა ვირუსული შეტევები, Zero-day შეტევები, MITM, MITC შეტევები. იმისათვის, რომ ორგანიზაციებმა ეფექტურად დაიცვან თავიანთი ღრუბლოვანი სერვისები, მათ უნდა გამოიყენონ ყველა თანამედროვე მიდგომა, რომელიც აერთიანებს ქსელურ, აპარატურულ-პროგრამულ და ღრუბლოვან უსაფრთხოებას.